English / ქართული / русский /
გოდერძი ტყეშელაშვილიზვიად ელიზბარაშვილიილია შარაშენიძე
თბილისის სატრანსპორტო სისტემის წარმოშობისა და განვითარების შესახებ

ანოტაცია. თბილისი უდიდეს ურბანულ ქალაქთა რიცხვშია მილიონზე მეტი მუდმივი მცხოვრებით და ასიათასობით სტუმრით, რომლებიც სატრანსპორტო მომსახურებას საჭიროებენ. ეს პროცესი ქალაქის და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის გავლენით მუდმივად უმჯობესდება, თუმცა მგზავრთა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებაში კვლავ არაერთი პრობლემაა.

სტატიაში განხილულია თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ისტორიულ ჭრილში და გაანალიზებულია მგზავრთა სატრანსპორტო მომსახურების მიღწეული დონე ტრანსპორტის სახეობებთან დამოკიდებულებით.

საკვანძო სიტყვები: მენეჯმენტი, ტრანსპორტი, საქალაქო ტრანსპორტი. 

შესავალი

თბილისი არა მარტო საქართველოს დედაქალაქია, არამედ მისი უდიდესი ურბანული ცენტრი. ქვეყნის საერთო მოსახლეობის 3 723.5 ათასი კაციდან თბილისზე მოდის 1171.1 ათასი კაცი. ქალაქებიდან მომდევნო ადგილზე მყოფი ბათუმის მოსახლეობა მხოლოდ 197.7 ათასი კაცია, ხოლო მომდევნო ქალაქის - ქუთაისის მოსახლეობა 138.2 ათასი კაცი [დემ...2019:21-22], რაც იმის მანიშნებელია, რომ თბილისი, თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებით საგანგებო ზრუნვას და აგლომერაციული განვითარების მიმართულებით სტრატეგიულ დაგეგმვას და მენეჯმენტს საჭიროებს. ამდენად, თბილისში ტრანსპორტის წარმოშობა და მისი დღევანდელი მდგომარეობის ანალიზი მნიშვნელოვანია. 

* * *

თბილისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. იგი, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ა/კავკასიის უდიდეს სავაჭრო, კულტურულ, პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. თუმცა მისი მოსახლეობის ზრდა განსაკუთრებულად ΧIΧ ს-დან შეინიშნება, რამაც საზოგადოებრივი საქალაქო ტრანსპორტის შემოსვლა განაპირობა საქალაქო ცხოვრებაში. პირველ ასეთ ტრანსპორტად ეტლები, ძირითადად დროშკა უნდა მივიჩნიოთ. 1850 - 1883 წლებში იგი თბილისის ძირითად სატრანსპორტო საშუალება იყო.  თბილისის სატრანსპოპრტო კომპანიის საიტზე მითითებულია ბარონი ტორნაუს ციტატა: "დროშკები გამწკრივებულნი იდგნენ  შუა ბაზარში, მადათოვის მოედანზე.  ტფილისის მედროშკენი ისე დააქროლებდნენ თავიანთ ცხენებს, რომ გამვლელებს შიშის ზარს სცემდნენ“ [თბილ... ისტორია].  1870 წელს  439 ერთეული ორცხენიანი, 117 ერთეული ერთცხენიანი ეტლი  და  672 ერთეული საზიდარი ყოფილა ქალაქში.

ΧIΧ ს-ის შუახანებამდე თბილისი უმეტესად გალავნის შიგნით ფუნქციონირებდა, ამიტომ საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების საჭიროებაც ვერ იქნებოდა. ამ დროისათვის თბილისში ტვირთის გადატანა უმეტესად ურმებით და ჩარდახებით, იშვიათად ცხენშებმული ტაჭკებით ხორციელდებოდა. ასევე იყენებდნენ მტკვარსაც, უმეტესად ქალაქის ხის საშენი მასალებით და შეშით მოსამარაგებლად. ამ მხრივ გავრცელებული იქნებოდა ტივის გამოყენება. უცხოელი სოვდაგრები იყენებდნენ აქლემებსაც, რომელთა განსათავსებლად თბილისის ქარვასლებს სპეციალურად გააჩნდათ სადგომები.

თბილისის ფართობისა და მოსახლეობის ზრდასთან ერთად ქალაქის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისში შექმნილიყო  საცხენოსნო რკინიგზა, ანუ ე.წ. კონკა. პიველი კონკა ქალაქში 1883 წლის 10  მარტს გამოჩნდა და მან, დავით აღმაშენებლის გამზირის (მაშინდელი  მიხეილის ქუჩის) გავლით, რკინიგზის სადგური და ვორონცოვის მოედანი დააკავშირა ერთმანეთთან. შემდგომში მარშრუტი გაგრძელდა  ერევნის  მოედნამდე, მოგვიანებით კი გოლოვინის გამზირი და ვერის ნაწილიც მოიცვა, საიდანაც ვერის   ხიდის გავლით მარჯანიშვილის ქუჩაზე მიდიოდა. ვინაიდან იმ დროს საგანგებო გაჩერებები დაწესებული არ იყო, ამიტომ თითოეულ ვაგონს დაჰყვებოდა კონდუქტორი, რომელიც მგზავრების მოთხოვნით აჩერებდა ვაგონს. 1899 წელს თბილისში კონკის 22,4 კილომეტრი ლიანდაგი იყო გაყვანილი. კონკამ 1910 წლამდე იარსება. 

სურ. 1. ტივით მგზავრთა გადაყვანა თბილისში მტკვარზე[1]

 

     სურ. 2. ერთ-ერთი პირველი ტრამვაი დღევანდელ ბარათაშვილის აღმართზე

 

თბილისი განლაგებულია მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე. ბუნებრივია არსებობდა მათ შორის კომუნიკაციის აუცილებლობაც. რადგან ΧIΧ ს-ში მტკვარზე მხოლოდ ორი-სამი ხიდი არსებობდა, ხშირი იყო ბორნების გამოყენების შემთხვევები.

თბილისი ვითარდებოდა, ცხოვრების ტემპიც მატულობდა, რამაც ცხენის ძალის ელექტროენერგიით, კონკის ტრამვაით ჩანაცვლება გამოიწვია. ეს სამუშაოები ბელგიელმა სპეციალიტებმა განახორციელეს და გარკვეული  პერიოდით ტრამვაის ექსპლუატაციაც მათი მოვალეობა  იყო. 1904 წელს დაიწყო ელექტრო ტრამვაის  მშენებლობა,  რითაც  ბელგიური  კომპანია დაკავდა. 1904 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა ელექტრო ტრამვაი, რომლის ლიანდაგის სიგანე 1000 მილიმეტრი იყო. 1910 წელს „კონკამ", რომლის ლიანდაგის სიგანე 914 მმ იყო, არსებობა შეწყვიტა [თბილის... ისტორია].

ტრამვაის  როლი საქალაქო მგზავრთგადაყვანაში განსაკუთრებით  გაიზარდა გასული საუკუნის 20-იან წლებში, 1930 წ-ს თბილისის ცენტრი მის ახლად გაშენებულ  რაიონებს   ტრამვაითაც დაუკავშირდა. მნიშვნელოვანია, რომ ომის წინ - 1940 წელს თბილისში  ტრამვაიმ რეკორდული რაოდენობის მგზავრი გადაიყვანა - 194 მილიონი. ომის შემდგომ ტრამვაის ხაზების სიგრძეც და გადაყვანილი მგზავრების მოცულობაც იზრდებოდა. 1985 წ-ს ქალაქის ტრამვაის  ქსელი  100  კილომეტრსაც  კი  აჭარბებდა  და  50 მლნ   მგზავრზე  მეტი   გადაჰყავდა  წლიურად. ტრამვაის გაუფასურება 1990 წლებიდან იწყება და საბოლოოდ 2006 წელს მისი გაუქმებით დამთავრდა.

1933 წელს თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს  ავტობუსი დაემატა, მიუხედავად   იმისა, რომ საწყის ეტაპზე დღეში ხაზზე მხოლოდ 5 ავტობუსი მოძრაობდა  და მისი სიგრძე   დაახლოებით 10 კილომეტრი იყო, პირველივე წელს მგზავრთა რაოდენობამ 1 200 000-ს მიაღწია.  მომდევნო წლებში ქსელის სრულყოფასთან ერთად იზრდებოდა მგზავრთა რაოდენობაც - 1970 წელს   მათმა რიცხვმა  125 მილიონს გადააჭარბა, მომდევნო ათ წელიწადში კი თითქმის  100 მილიონით   გაიზარდა. ამ ყველაფრის მიზეზი კი დინამიურად მზარდი თბილისის მოსახლეობა და ფართობი იყო. თუ 1933 წელს თბილისის მოსახლეობა მხოლოდ  314 000 ადამიანს შეადგენდა  1980 წელს მათმა   რიცხვმა  1 მილიონს გადააჭარბა [თბილის... ისტორია].

ავტობუსთან დროში თანხვედრით თბილისში ტროლეიბუსიც გამოჩნდა. პირველი ასეთი ხაზი 1937 წ-ს ამუშავდა და მისი სიგრძე მხოლოდ 15 კმ-ს შეადგენდა, რაც სწრაფად იზრდებოდა. ტროლეიბუსის დაბალი ხმაურის და ნაკლები ვიბრაციის გამო ტრანსპორტის ამ სახეობამ სწრაფად განდევნა ტრამვაი თბილისის ცენტრალური ქუჩებიდან. ტროლეიბუსმა 2006 წ-ს თბილისში არსებობა შეწყვიტა.

საქალაქო ტრანსპორტის განვითარებაში რევოლუციური მნიშვნელობა ჰქონდა მეტროს აშენებას, რომელიც 1952 წ-ს დაიწყო და 1966 წ-ს მისი გახსნით დაგვირგვინდა. ამ დროისათვის იგი მხოლოდ ხუთ სადგურს წარმოადგენდა. ესენია: "დიდუბე", "ელექტროდეპო", "ოქტომბერი" (შემდგომ "ნაძალადევი"), "ვაგზლის მოედანი", "მარჯანიშვილი" და "რუსთაველი". რასაც მალევე 1967 წ-ს დაემატა სამი ახალი სადგური -  „თავისუფლების მოედანი" (ძველი "ლენინის მოედანი"), სად. „ავლაბარი" (ძველი "26 კომისარი"), ხოლო 1971 წ-ს კიდევ ორი - ისნისა და სამგორის სადგურებიც.

1985 წ-ს გაიხსნა სადგურები „თავისუფლების მოედანი" (ძველი "ლენინის მოედანი") და  „ავლაბარი" (ძველი "26 კომისარი").

თბილისის საქალაქო ტრანსპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახეობაა საბაგირო და ფუნიკულიორი, რასაც განაპირობებს უპირატესად თბილისის რელიეფი.

თბილისში მოქმედებს ორი საბაგირო გზა - კუს ტბის და რიყე-ნარიყალას. მთაწმინდის, ლისის, დიდუბის და სამგორის საბაგირო გზები გაუქმებულია. კუს ტბის საბაგიროს ორი, ხოლო ნარიყალას - 7 გონდოლა ემსახურება.

ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო, მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები ხოლო მფლობელი ის ბელგიური კომპანია იყო, ვინც თბილისის ტრამვაის ფლობდა. მშენებლობის პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა ა. ბლანშმა, არქიტექტურული ნაწილი დაამუშავა თბილისელმა ხუროთმოძღვარმა ა. შიმკევიჩმა. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები ი. რაგოლერი და ა. ფონტანა-როსი. ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის. ფუნიკულიორი გაიხსნა 1905 წლის 27 მარტს [ვიკიპ.....ფუნიკულიორი].

დღეისათვის თბილისის ტრანსპორტი წარმოდგენილია მეტროს, ავტობუსის, ტაქსის, საბაგიროს და ფუნიკულიორის სახით. მეტრო მოიცავს ორ ხაზს საერთო სიგრძით 53,7 კმ. 2018 წ-ს მეტროთი გადაყვანილი იქნა 113 827 037 მგზავრი, ავტობუსების  მარშრუტების საერთო სიგრძეა 2450.5 კმ. და მოიცავს 101 მარშრუტს. ავტობუსებით 2018 წ-ს გადაყვანილი იქნა 128 406 202 მგზავრი. საბაგირო ტრანსპორტი კი მოემსახურა 1 783 496 მგზავრს [TBIL....; 44].

რაც შეეხება ტაქსს, მგზავრთა მომსახურებას ეწევა რამდენიმე კომპანია, მაგრამ ძირითადი მაინც კერძო პიროვნული მომსახურებაა. მომსახურების ამ სეგმენტში არავითარი რეგულაციები არ არსებობდა. ახლახან რეგულაცია დაუწესდა მხოლოდ მანქანის ფერს. მერიამ მოითხოვა ტაქსების თეთრად გადაღებვა, რასაც მძღოლთა გარკვეული ნაწილი არ დათანხმდა და ტაქსების რიცხვი შემცირდა, რამაც, რამდენადაც მგზავრთა ტაქსით მომსახურების ტარიფები არ არსებობს (გარდა რამდენიმე კომპანიის მიერ თვითრეგულაციით დადგენილი ტარიფებისა), ტაქსით მგზავრთა გადაყვანის გაძვირება გამოიწვია, შედეგად  გაიზარდა ავტობუსებით და მეტროთი გადაყვანილი მგზავრების რიცხოვნობა.

თბილისის სამარშრუტო ტაქსების ქსელი მოიცავს 194 მარშრუტს, რომელთა სვლაგეზის საერთო სიგრძე 3852 კმ-ია და საშუალოდ დღეში გადაჰყავს 400 000 მგზავრი. [თბილის.....], გარდა აღნიშნულისა, თბილისში არის  438230 მსუბუქი ავტომანქანა, საიდანაც 598 ერთეული ელექტროა, 12815 - ჰიბრიდული, 160988 - ბენზინზე მომუშავე და 40647 დიზელის საწვავზე [TBILISI....;44].

 საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გარდა სამარშრუტო და ჩვეულებრივი ტრანსპორტისა, ემსახურება თბილისის სატრანსპორტო კომპანია, მისი მფლობელია მერია და აერთიანებს სამ ავტოსატრანსპორტო საწარმოს, მეტროს და საბაგირო ტრანსპორტს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ისე, როგორც სხვა დიდი ქალაქების საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიები, დოტაციურია და ფინანსდება თბილისის მერიის მიერ.

 

დასკვნა

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურება განუწყვეტელ განვითარებას განიცდის. უკანასკნელ პერიოდში მოეწყო ავტობუსების გაჩერებები, ისინი აღიჭურვა ციფრული ტაბლოებით, საიდანაც მგზავრებს საშუალება აქვთ, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო მარშრუტებზე ავტობუსის მოსვლის შესახებ. ხორციელდება საავტობუსო პარკის განახლება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საიტიდან შესაძლებელია მგზავრობის რაციონალურად დაგეგმვა. ხელმისაწვდომია მგზავრობის დასაგეგმად და ინფორმაციის მისაღებად სპეციალური მობილური აპლიკაციის გადმოწერა და სხვ. მიუხედავად ამისა, გატარებული ღონისძიებები აშკარად არასაკმარისია, რასაც ადასტურებს „საცობების“ სიმრავლე ქალაქში და ქალაქის ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები.

აუცილებელი ხდება თბილისის საგზაო ინფრასტრუქტურის რადიკალური გაუმჯობესება, ახალი მონორელსური ტრანსპორტის დანერგვა და თხევად საწვავზე მომუშავე ტრანსპორტის ჩანაცვლება ელექტრული ტრანსპორტით.

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. დემოგრაფიული ვითარება საქართველოში 2018. სტატისტიკის ეროვნული სამსახური. თბილისი, 2019.
  2. ვიკიპედია. თავისუფალი ენციკლოპედია. საიტი:  https://ka.wikipedia.org/wiki. გადამოწმებულია   06.11.2019; 
  3. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საიტი: http://ttc.com.ge/ka/history. გადამოწმებულია 06.11.2019;
  4. თბილისის ტრანსპორტი - ანგარიში და პერსპექტივები. საიტი: https://www.youtube.com/watch?v=mkh9fqANjkY. გადამოწმებულია 07.11.2019.
  5. TBILISI IN FIGURES 2018. Tbilisi Municipality City Hall. Economic Development Office. Tbilisi, 2019;


[1] სურათი აღებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ფოტოარქივიდან. სურათის ავტორი ს.ს დიდაროვი. ფოტო ინახება ელეფთერ ლაფაჩის პირადი არქივში.